რუსეთში მოდურია „ანტიამერიკა“. იქ ახლა მოსწონთ ყველაფერი, რაც ჩინურია
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ჩინეთი ოფიციალურად გახდა კრემლის საუკეთესო მეგობარი. ამ დროს, ზოგიერთი რუსი მოხელე, განსაკუთრებით სადაზვერვო უწყებებში, კვლავ ეჭვის თვალით აკვირდება პეკინის ნამდვილ ზრახვებს მოსკოვის მიმართ. თუმცა გამოკითხვები აჩვენებს, რომ რიგითი რუსი მოქალაქეების უმრავლესობა ჩინეთს და ყველაფერს, რაც ჩინურია, გულწრფელი სიმპათიით და ინტერესით უყურებს - არ მოელის ისეთ “ხრიკებს”, როგორსაც „მტრული და უსულო დასავლეთისაგან".
რუსეთის ხელისუფლება ლაპარაკობს „ოქროს ხანაზე“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობებში, რომელიც, ფაქტობრივად, კრემლის მხარესაა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ოფიციალური ჩინური პროპაგანდა ასევე ყოველმხრივ უჭერს მხარს რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობის იდეას.
სექტემბერში მონღოლეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის პეკინის ინიციატივით ორგანიზებულ ბოლო პირისპირ შეხვედრაზე ჩინეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ სურს მოსკოვთან პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერება და ერთობლივად „გარე დაბრკოლებების აღმოფხვრა.“ პუტინმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ რუსეთსა და ჩინეთს ახლა „ბევრი საერთო აქვთ“ და მათ ხალხებს „მეგობრობისა და ურთიერთდახმარების დიდი ხნის ტრადიციები აერთიანებთ“.
რუსეთის ეკონომიკა, რომელიც სტაგნაციას განიცდის და რომელზეც უკვე მძიმე გავლენა იქონია თითქმის ოთხწლიანმა ომმა, ახლა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩინეთზე.
სი ძინპინმა პუტინს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია საერთაშორისო სანქციების პირობებში - არა მხოლოდ საერთაშორისო პოლიტიკაში, არამედ მაღაზიების თაროებზე არსებული ყველა სახის დასავლური სამომხმარებლო საქონლის - რომელთა შეძენაც რუსებს სანქციების გამო ახლა ა(ღა)რ შეუძლიათ - ჩინური პროდუქციით ჩანაცვლებით. გარდა ამისა, ჩინეთი კვლავ არის რუსეთის ენერგორესურსების უმსხვილესი მომხმარებელი.
პეკინსა და მოსკოვს შორის დამყარებული ოფიციალური ატმოსფერო, რომელიც დაუსრულებელ ორმხრივ ღიმილში, ქებასა და მნიშვნელოვან დაპირებებში ჩანს, აისახა რუსეთის რიგითი მოქალაქის განწყობაზეც.
დღეს რუსულ საზოგადოებაში მოდურია ყველაფერი ჩინური: ჩინური ენის შესწავლა, ჩინური კინო, ხელოვნება და პოპ-კულტურა, ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ტურისტული მოგზაურობა და დასვენება. ჩინური ავტომანქანები რუსეთის ქალაქების ქუჩებში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. რუსეთში ელიტურ ოჯახებს შვილებისთვის ჩინელი ძიძები აჰყავთ, მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მუზეუმები და საკონცერტო დარბაზები კი აქტიურად უწევენ პოპულარიზაციას ჩინური ხელოვნების გამოფენებსა და სანახაობებს.
ეს ჩანს სოციოლოგიური გამოკითხვებიდანაც. რუსეთის სახელმწიფო საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრი (ВЦИОМ), რომელიც მჭიდროდაა კრემლთან დაკავშირებული, ჯერ კიდევ წლინახევრის წინ იტყობინებოდა, რომ ათიდან შვიდი რუსი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს მეგობრულს და კეთილმეზობლურს (72 პროცენტი) უწოდებს. ეს ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გამოკითხულთა 76 პროცენტი მიიჩნევს, რომ ჩინეთმა შეძლო მთლიანად (18 პროცენტი) ან გარკვეულწილად (58 პროცენტი) დასავლეთის, როგორც რუსეთის ეკონომიკური პარტნიორის, ჩანაცვლება და დასავლეთის სანქციების კომპენსირება.
„ლევადას ცენტრი“, რომელიც უფრო დამოუკიდებლად არის მიჩნეული, მსგავს მონაცემებს მოიყვანს საკუთარი კვლევის, „ჩინეთის იმიჯი რუსეთის საზოგადოებრივ აზრში“, საფუძველზე, რომელიც 2024 წლის ბოლოს ჩატარდა. მისი ავტორების თქმით, რუსებში ჩინეთის მიმართ დადებითი დამოკიდებულება ამჟამად ყველა დროის მაქსიმუმს აღწევს, ხოლო დასავლეთის ქვეყნების მიმართ დამოკიდებულება ისტორიულ მინიმუმზეა. თუ ოცი წლის წინ რუსების მხოლოდ მეხუთედი თვლიდა, რომ ჩინეთი შეიძლება დიდ ძალად ჩაითვალოს, დღეს „ლევადას ცენტრის“ მიერ გამოკითხულთა ორი მესამედია ამ აზრზე.
რუსეთში გამოკითხულებს შორის ასოციაციების მეოთხედი ჩინურ პროდუქტს უკავშირდებოდა - ტელეფონებს, მანქანებს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ტანსაცმელს და ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Xiaomi, Huawei და Haval-ი, ასევე ონლაინმაღაზია AliExpress-ს. „ლევადას ცენტრის“ მიერ გამოკითხულების პასუხების კიდევ ერთი მეოთხედის ჩინეთთან ასოციაციები უკავშირდება ჩინური კულტურის სხვადასხვა ასპექტს: ჩინურ სამზარეულოს და მედიცინას, ისტორიას, ჩაის დაყენების ცერემონიებს, სატელევიზიო სერიალებს და ჩინურ ენას.
ასაკოვანი გამოკითხულები თბილად საუბრობდნენ ჩინელებზე, როგორც „ტრადიციული ღირებულებების“ მატარებლებზე - „უსულო დასავლეთისგან“ განსხვავებით. ბევრს აინტერესებს ჩინეთში დასვენება და საყიდლები - 2024 წლის ბოლოსთვის გამოკითხული რუსეთის მოქალაქეების 6 პროცენტზე მეტმა (და რუსეთის შორეული აღმოსავლეთის მაცხოვრებლების თითქმის ნახევარმა) უკვე მოინახულა იქაურობა.
სოციოლოგების საერთო დასკვნა ასეთია: რუსეთის საზოგადოებრივი აზრი ჩინეთს ამჟამად დიდწილად აღიქვამს, როგორც დასავლეთის საპირწონეს, „ანტიამერიკას“. „ჩინეთისკენ მიბრუნება, რომელსაც მოსკოვი ოფიციალურად უწევს პროპაგანდას, პუტინის პოლიტიკის მნიშვნელოვან ელემენტად ითვლება - და შესაბამისად, ასახავს თავად პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულებასაც. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება აშშ-ის მიმართაც, რომელსაც ოპოზიციურად განწყობილი რუსები შეუდარებლად უკეთ უყურებენ, ვიდრე მთავრობის მომხრეები.
შეკითხვაზე, წარმოადგენს თუ არა ჩინეთი საფრთხეს რუსეთისთვის, „ლევადას ცენტრის“ ხუთი რესპონდენტიდან მხოლოდ ერთმა უპასუხა "კი"; უმრავლესობამ (72 პროცენტმა) კი - "არა".
თუმცა ბევრმა გამოკითხულმა აღნიშნა, რომ თუ რუსეთი ვერ შეძლებს საკუთარი წარმოებისა და ტექნოლოგიების განვითარებას და დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენას, ქვეყანას ემუქრება საფრთხე, „პეკინის ვასალი გახდეს“, რის შემდეგაც პეკინს შეუძლია „ნებისმიერ დროს გვიკარნახოს თავისი პირობები და დახუროს საწარმო, ისევე როგორც ეს ამერიკამ და ევროპამ გააკეთეს“.
Reuters-ის რეპორტაჟი მოსკოვის ოსტანკინოს რაიონში, მდინარე იაუზას ნაპირზე, საგამოფენო ცენტრთან ახლოს მდებარე ჩინური ჰუამინის პარკიდან:
რუსული მაღალანაზღაურებადი სამუშაოს ძიების სამსახურის, SuperJob-ის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ჩინურმა ენამ მეოთხე ადგილი დაიკავა ყველაზე პოპულარული უცხო ენების - რომელთა შესწავლაც სურთ რუსეთის მაცხოვრებლებს - პირველ ხუთეულში.
ის სწრაფად ანაცვლებს ინგლისურს, ესპანურს და გერმანულს, რომლებიც ამჟამად პირველ სამ ადგილს იკავებენ. სულ უფრო მეტი რუსი თვლის, რომ ჩინურად მოლაპარაკე ადამიანებს გაცილებით დიდი პერსპექტივა აქვთ.
ბოლო მონაცემებით, რუსეთში ჩინური ენის მცოდნე სპეციალისტებზე მოთხოვნა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 2,1-ჯერ, და უფრო მეტად, გაიზარდა. SuperJob-ის მონაცემებით, ჩინური ენის თავისუფლად ცოდნა სპეციალისტის საშუალო ხელფასს 18-20 პროცენტით ზრდის.
დღესდღეობით, მოსკოვის იმ რამდენიმე საჯარო საშუალო სკოლაში, რომელიც ამის შესაძლებლობას იძლევა, ჩინური ენის შესწავლის მსურველი გოგონებისა და ბიჭების რაოდენობა წარმოუდგენლად მაღალია, ხოლო ჩინური ენის მანდარინის დიალექტი უკვე ძირითადი საგანი გახდა არა მხოლოდ ლინგვისტურ უნივერსიტეტებში, არამედ ზოგიერთ ტექნიკურ სასწავლებელშიც კი.
ჩინური მანქანები, რომლებმაც პირდაპირი გაგებით გადაავსეს რუსეთის ქალაქები, ასევე სულ უფრო თვალსაჩინო ნიშანია იმისა, რომ ჩინეთმა ღრმად შეაღწია რუსეთში და იმისაც, თუ როგორ იპყრობს ის უკრაინაში ომის დაწყების შედეგად დაცარიელებულ ნიშებს რუსეთის ბაზარზე. საკონსულტაციო კომპანია „ავტოსტატის“ მონაცემებით, მხოლოდ გასულ წელს 900 000-ზე მეტი ჩინური მანქანა გაიყიდა - მაშინ, როცა ომამდელ 2021 წელს რუსეთში მყიდველებმა მხოლოდ 115 000 ჩინური მანქანა შეიძინეს.
გასული წლის დასაწყისში ვლადიმირ პუტინმა 2024 და 2025 წლები „რუსეთ-ჩინეთის კულტურის წლებად“ გამოაცხადა. როგორც „მედუზა“ წერდა, უკვე 2024 წელს რუსეთში ჩინური კულტურა უჩვეულოდ ჩანდა ყველგან: მუზეუმებში გამოფენილი იყო ჩინური ხელოვნების ნიმუშები, თეატრალურ ფესტივალებზე აჩვენებდნენ ჩინურ სპექტაკლებს, ვრცელდებოდა ჩინური სერიალები, ხოლო ფენტეზის ჟანრის ჩინური რომანები და მოთხრობები წიგნის მაღაზიებში ყველაზე მაღალი ტირაჟით იყიდებოდა.
სტატიის ავტორები წერენ, რომ ეს ყველაფერი უდავოდ რუსების გულწრფელი ინტერესით იყო განპირობებული. თუმცა ეს ინტერესი დიდწილად კრემლის ოფიციალური პოლიტიკური დღის წესრიგის პირდაპირი შედეგია და რუსეთის უახლესი სახელმწიფო იდეოლოგიის მოთხოვნებს შეესაბამება.
2024 წლის იანვრის ბოლოს, მოსკოვის მერიამ პირველად მორთო ქალაქის ცენტრი ტრადიციული ჩინური სტილით, მთვარის კალენდრის მიხედვით ახალი წლის აღსანიშნავად, როცა ფეხით მოსიარულეთა ქუჩები წითელი ფარნებით მორთო და წითელ მოედანთან ახლოს დადგა პანდის დიდი ფიგურა, რომელიც ახალი წლის ნაძვის ხეს იხუტებდა. მოსკოვის მეტროში გაჩნდა ჩინური სტილით გაფორმებული მატარებლები და მეტროს ხაზებისა და გადაჯდომის სქემები ჩინურ ენაზე.
ქალაქის ბილბორდებზე და რუსულ სატელევიზიო არხებზე ახლა ხშირად ჩნდება სი ძინპინის სხვადასხვა გამონათქვამი, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც ეხება „რუსეთთან მეგობრობას“ და „მრავალპოლარული სამყაროს“ მშენებლობას (მაგალითად, „გემრიელი წვნიანი მაშინ გამოდის, როდესაც სხვადასხვა ინგრედიენტს ურევთ“). ჩინური რესტორნები გაჩნდა რუსეთის უკლებლივ ყველა ქალაქში, თუმცა სულ რაღაც 10-15 წლის წინ ისინი თითზე ჩამოსათვლელი იყო.
2025 წლის დასაწყისში რუსეთის ეკრანებზე გამოვიდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა ბლოკბასტერი „წითელი აბრეშუმი“. ეს არის რუსულ-ჩინური ერთობლივი ფილმი ჩინელ კომუნისტებსა და საბჭოთა უშიშროების ოფიცრებზე, რომლებიც ერთიანდებიან იაპონელ დივერსანტებთან, ჩინელ ნაციონალისტებთან და ჰონღუზის ბანდიტებთან, მათ „ანგლოსაქს მფარველებთან“ საბრძოლველად ტრანსციმბირის რკინიგზაზე 1927 წელს.
ფილმი გადაღებულია რუსეთის სახელმწიფო კინოფონდისა და რუსეთის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით. მისი გაგრძელება, „შავი აბრეშუმი“, უკვე გამოცხადებულია, თუმცა მრავალი წამყვანი რუსი მსახიობის მონაწილეობისა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სარეკლამო კამპანიის მიუხედავად, „წითელი აბრეშუმი“ ფინანსური თვალსაზრისით ჩავარდნა იყო.
ფილმ „წითელი აბრეშუმის“ ტრეილერი:
როგორც ახლახან კიდევ ერთხელ გაირკვა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციაში სხვადასხვა სახის საქმიანობას ახორციელებს და არა მხოლოდ მეგობრულ, არამედ, მათ შორის, რა თქმა უნდა, სადაზვერვო საქმიანობასაც. მაგალითად, 9 ივნისს ამერიკულმა გამოცემა The New York Times-მა (NYT) გამოაქვეყნა საკუთარი ვრცელი გამოძიება, რომელშიც ნათქვამია, რომ მეგობრობისა და პოლიტიკური და იდეოლოგიური სიახლოვის ოფიციალური გარანტიების მიუხედავად, რუსეთის ეფესბეს (ФСБ) შიდა დოკუმენტები ჩინეთს აშკარად „საშიშ მტრად“ მოიხსენიებს.
NYT-ი საიდუმლო რუსულ მემორანდუმზე დაყრდნობით, რომელიც მას ჰაკერულმა ჯგუფმა, Ares Leaks-მა გადასცა, იტყობინება, რომ ეფესბეს საიდუმლო ქვედანაყოფმა, რომელიც მანამდე არ უხსენებიათ, არაერთხელ გააფრთხილა კრემლი პეკინიდან მომდინარე სერიოზული საფრთხეების შესახებ. ლუბიანკადან გაჟონილი რვაგვერდიანი დოკუმენტით თუ ვიმსჯელებთ, ჩინეთი რუსეთთან მიმართებაში ღიად დამპყრობლურ სტრატეგიულ გეგმებს ამუშავებს.
ამ ზაფხულს, The New York Times-მა მოიპოვა ეფესბეს კიდევ ერთი შიდა დოკუმენტი, რომელიც ავლენს, რომ რუსეთის კონტრდაზვერვა აკვირდება და აანალიზებს ათასობით შეტყობინებას ჩინურ აპლიკაცია WeChat-ზე, რათა გამოავლინოს ასობით ჩინელი ჯაშუში, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედი, და მათთან კონტაქტში მყოფი ნებისმიერი პირი.
Sun, 16 Nov 2025 14:04:38 +0400
„მიდასის“ შეხება - შეარყევს თუ არა კორუფციის საქმე ზელენსკის პოლიტიკურ ნდობას?
საომარი მდგომარეობის გამო არჩევნების შეჩერებისა და რუსული თავდასხმის წინაშე უკრაინელების მიერ მძლავრი ერთობის გამოვლენის ფონზე, სრულმასშტაბიანი ომის თითქმის ოთხი წლის განმავლობაში პოლიტიკა დიდწილად შეჩერებულია. თუმცა, მზარდი კორუფციული სკანდალი პრეზიდენტ ზელენსკისთვის ყველაზე დიდ გამოწვევაა.
Fri, 14 Nov 2025 21:43:33 +0400
არმიიდან ზელენსკიმდე - როგორ შეძრა უკრაინა კორუფციულმა სკანდალმა
უკრაინა კორუფციულმა სკანდალმა შეძრა. მთავარი ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, ენერგეტიკული სადგურების დაცვის საბაბით მილიონობით დოლარს ითვისებდნენ იმ დროს, როდესაც რუსული ბომბები უკრაინელებს სიცივესა და სიბნელეში ტოვებდა.
Fri, 14 Nov 2025 21:43:27 +0400
სად არის პუტინი? როგორ მალავს კრემლი პრეზიდენტის ადგილსამყოფელს სამ (თითქმის) ერთნაირ ოფისში
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში სამი თითქმის იდენტური ოფისი აქვს და კრემლი ბოლო წლებში მისი ადგილმდებარეობის შესახებ არაერთხელ იტყუებოდა, - აღმოაჩინა რადიო თავისუფლების რუსულმა საგამოძიებო ჯგუფმა “სისტემამ”.
Wed, 12 Nov 2025 23:23:20 +0400
„ეპიკური ბრძოლა": სკანდალი ჩეჩნეთის მუფთისა და რუსეთის მთავარ რაბინს შორის
გასულ კვირას რუსეთში ეროვნული ერთიანობის დღე აღინიშნა - დღესასწაული, რომელიც 20 წელია დაფუძნდა და კრემლში სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს. თუმცა წელს დღესასწაული ორ უდიდეს რელიგიურ - მუსლიმთა და იუდეველთა -თემს შორის კონფლიქტმა დაჩრდილა.
Mon, 10 Nov 2025 18:06:33 +0400
“ქართველებს არ უნდა ჰქონდეთ ილუზია, რომ „პორტი ავაშენეთ = ვაჭრობა მოვა“ - ფრედ სტარი აშშ-საქართველოზე, შავ ზღვასა და დამარცხებულ რუსეთზე
„შავი ზღვა, ვიტყოდი, გარკვეულწილად უყურადღებოდ იყო დატოვებული – როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში“, - ამბობს დოქტორი ფრედერიკ სტარი, ევრაზიის საკითხების მკვლევარი. მან აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას შავ ზღვას ვაშინგტონის „სტრატეგიული გადააზრების“ ცენტრალური ელემენტი უწოდა.
Thu, 06 Nov 2025 18:08:46 +0400
რას უნდა ველოდოთ ტრამპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერების შეხვედრისგან
აშშ დაინტერესებულია ცენტრალური აზიის ქვეყნებში აღმოჩენილი მინერალური რესურსებით.
Wed, 05 Nov 2025 23:16:06 +0400
აშშ ვენესუელაზე ზეწოლას აძლიერებს, დაეხმარება (შეძლებს კი) მოსკოვი მადუროს?
კვლავ შეიძლება მოხდეს იგივე:
2019 წელს აშშ-მა მხარი დაუჭირა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს, რომელიც ვენესუელას პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადაყენებას ცდილობდა. რუსეთი ეწინააღმდეგებოდა ამ მცდელობას, დიპლომატიური დახმარება და მცირე სამხედრო მხარდაჭერა გაუწია მთავრობას, რომელიც შესაძლოა მოსკოვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი იყოს ლათინურ ამერიკაში.
მადურო გადაურჩა კრიზისს.
ხუან გუაიდოს მოწოდება სამხედრო აჯანყებისკენ ჩაიშალა და მისი მცდელობა, ხელისუფლებაში მოსულიყო, ჩაიფუშა - ეს დიდი შვება იყო რუსეთისთვის და დარტყმა აშშ-თვის, რომელიც მადუროს არალეგიტიმურად მიიჩნევს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, 2019 წლის იანვარში გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვითარება სრულიად განსხვავებულია, ვაშინგტონი კვლავ აძლიერებს ზეწოლას მადუროზე. მან კარიბის ზღვის აუზში დიდ სამხედრო ძალას მოუყარა თავი. ამჟამად აშშ აგზავნის ავიამზიდს - USS Gerald R Ford-ს, რომელიც საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც მსოფლიოში უდიდესი სამხედრო ხომალდი - და არაერთი დარტყმა განუხორციელებია ნარკოტიკებით მოვაჭრე სავარაუდო გემებზე, რომლის დროსაც დაიხოცა ათობით ადამიანი.
აშშ-ის ოფიციალური პირები მადუროს წინააღმდეგ გამოდიან და 2020 წელს ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული ბრალდებაზე ლაპარაკობენ. მაგალითად, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თქვა, რომ ის „ამერიკულ მართლმსაჯულებას ემალება“. აგვისტოში აშშ-მა მისი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდო 50 მილიონ დოლარამდე გააორმაგა.
CBS-ის მიერ 2 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ტრამპმა შეშფოთება, რომ მისი ქვეყანა ვენესუელასთან ომს დაიწყებდა, გააქარწყლა, მაგრამ როდესაც ჰკითხეს, დათვლილია თუ არა მადუროს დღეები, უპასუხა: „ ვფიქრობ, რომ კი“.
ამბობენ, რომ მადურო კვლავ მიმართავს რუსეთს მხარდაჭერისთვის - მაგრამ ანალიტიკოსების თქმით, თუ ვაშინგტონი მის გადაყენებას კოორდინირებულ ძალისხმევას განახორციელებს, ამის თავიდან ასაცილებლად მოსკოვის შესაძლებლობები შეზღუდულია.
„პირდაპირ რომ ვთქვათ, რუსეთს დიდი არაფრის გაკეთება არ შეუძლია დიპლომატიური მცდელობების მიღმა, თუ აშშ მადუროს დამხობას შეეცდება“, - განაცხადა მარკ გალეოტიმ, რუსეთის ექსპერტმა და უნივერსიტეტის კოლეჯის ლონდონის სლავური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების სკოლის საპატიო პროფესორმა.
რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ „ფაქტობრივად გამორიცხავს ვენესუელაში რუსეთის ჯარების განლაგებას აშშ-ის ინტერვენციის შემთხვევაში“, - განაცხადა ბერლინში მოღვაწე პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ალექსანდრა სიტენკომ. - „თუმცა, შეზღუდული მხარდაჭერა არ შეიძლება გამოირიცხოს: რუსეთმა შეიძლება გადასცეს იარაღი, საჰაერო თავდაცვის სისტემები ან გაუწიოს სადაზვერვო დახმარება“.
„რუსეთი ვენესუელისთვის ომს არ დაიწყებს“31 ოქტომბრის რეპორტაჟში, The Washington Post-ი წერდა, რომ მის მიერ მოპოვებული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ მადურომ წერილი მისწერა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომელშიც მოსკოვს სთხოვდა ვენესუელის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას ადრე შეძენილი „სუხოის“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების განახლებით, კარაკასისთვის ძრავებისა და რადარების რემონტის, რაკეტების შეძენისა და ტრანსპორტის საქმეში მხარდაჭერის გაწევით.
წერილი ვენესუელის ტრანსპორტის მინისტრს უნდა ჩაეტანა მოსკოვში. ის რუსეთის თქმით, ოქტომბრის შუა რიცხვებში რუსეთში იმყოფებოდა, იტყობინებოდა „The Post“-ი, რომელიც ასევე ამტკიცებს, რომ მადურო ჩინეთისა და ირანისგან მხარდაჭერის მოპოვებას ესწრაფოდა.
გაურკვეველია, წერილი კრემლს გადაეცა თუ არა. არც რუსეთის და არც ვენესუელის ოფიციალურმა პირებს უთქვამთ რაიმე ამ ინფორმაციის გარშემო და არც საჯარო განცხადებები გაუკეთებიათ მადუროს მთავრობისთვის ახალი კონკრეტული მხარდაჭერის შესახებ.
თუმცა, ფრენების მეთვალყურეობის საიტის, FlightData24-ის ცნობით, ოქტომბრის ბოლოს კარაკასში რუსული სატრანსპორტო დიდი თვითმფრინავი ილ-76 რამდენიმე გაჩერების შემდეგ ჩაფრინდა შემოვლითი მარშრუტით. დაუდგენელია, რა გადაჰქონდა თვითმფრინავს.
რუსული წყაროების ვარაუდით, შესაძლოა, მას ისეთი საჰაერო თავდაცვის სისტემები მიეწოდებინა, როგორიცაა Pantsir-S1, განუცხადა სიტენკომ რადიო თავისუფლებას ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ კომენტარებში.
„ეს შეესაბამება მოსკოვის გადაწყვეტილებას, სასწრაფოდ რატიფიცირება მოახდინოს ვენესუელასთან ახალი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების შესახებ, რომელიც მოიცავს სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას ორივე ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - წერს ის. - „მაგრამ რუსეთი
ვენესუელისთვის ომს არ დაიწყებს“.
„მზად ვართ რეაგირებისთვის“
1 ნოემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი გმობს „ნარკოტიკებთან ბრძოლის ოპერაციების დროს გადაჭარბებული სამხედრო ძალის გამოყენებას“ და „ადასტურებს ვენესუელის ხელმძღვანელობის მტკიცე მხარდაჭერას ეროვნული სუვერენიტეტის დაცვაში“.
ორი დღით ადრე, ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი „კონტაქტშია პარტნიორებთან“ და „მზადაა გააგრძელოს შესაბამისი რეაგირება მათ მოთხოვნებზე, არსებული და პოტენციური საფრთხეების გათვალისწინებით“.
რუსეთისა და ვენესუელას შორის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, რომელიც მაისში მოსკოვში მადუროს ვიზიტის დროს განიხილეს, ძალაში შევიდა პუტინის ხელმოწერის შემდეგ. თუმცა, ასეთი პაქტები ხშირად არაა დეტალური.
ექსპერტების თქმით, რუსეთის სამხედრო ოპერაციების უმეტესობა დასავლეთ ნახევარსფეროში ძირითადად საჩვენებელი ხასიათისაა, რაც დასავლეთისთვის შეხსენებაა, რომ მოსკოვის ძალებს შეუძლიათ უფრო შორს წასვლა, ვიდრე მაშინ, როდესაც ფინანსური სირთულეების მქონე ქვეყანამ 1991 წლის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკან დაიხია.
2018 წელს, კარაკასის მახლობლად, სამხედრო აეროპორტში ორი ბირთვული ქობინით აღჭურვილი რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი დაეშვა. 2024 წლის ივლისში, ვენესუელაში ორი რუსული საზღვაო ხომალდი შევიდა არჩევნების წინ, რომელმაც მადუროს მმართველობა გაახანგრძლივა და რომელიც შეერთებულმა შტატებმა ფარსად გამოაცხადა.
2019 წელს მადუროს გადაყენების მცდელობის ფონზე, მოსკოვმა მას შემდეგ, რაც გამოჩნდა ფოტოები, თუ როგორ გადმოდიოდა ორი სამხედრო თვითმფრინავიდან 100-მე რუსი ჯარისკაცი, აღიარა, რომ ადგილზე სამხედრო პერსონალი ჰყავდა.
ბერკეტები და შეზღუდვებიაშშ-ში დაფუძნებული კენანის ინსტიტუტის უილსონის ცენტრის 2020 წლის ანგარიშში კოლუმბიაში მცხოვრებმა ანალიტიკოსმა ვლადიმირ რუვინსკიმ დაწერა, რომ 1990-იანი წლების დასაწყისში კუბიდან გასვლის შემდეგ „რუსი სამხედრო პერსონალის პირველი უწყვეტი ყოფნა დასავლეთ ნახევარსფეროში კრემლის მიერ რუსეთის ორბიტაზე ვენესუელის შენარჩუნების გადაწყვეტილების აშკარა გამოვლინება იყო“.
მადუროს მიერ ხელისუფლების შენარჩუნებას ხელი შეუწყო „რუსეთის მიერ დაფინანსებულმა, მხარდაჭერის მრავალმა სხვა ქმედებამ, მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოში მოსკოვის მიერ აშშ-ს რეზოლუციის დაბლოკვამ“, წერს რუვინსკი. თუმცა, ამავე დროს, „ვენესუელაში კრიზისმა გამოავლინა რუსული პოლიტიკის მრავალმხრივი შეზღუდულობა“, როგორიცაა „ფინანსური რესურსების ნაკლებობა ლათინურ ამერიკაში თავისი პოლიტიკის მხარდასაჭერად“.
სიტენკოს თქმით, 2019 წელს „მადუროს გადარჩენის გადამწყვეტი ფაქტორი არა მოსკოვის ჯერ კიდევ საკმაოდ შეზღუდული სამხედრო დახმარება, არამედ ვენესუელის შეიარაღებული ძალების ოპოზიციის მხარეს გადასვლაზე უარი იყო“.
რუსეთის რესურსები, ფინანსური და სამხედრო, უფრო შეზღუდულია, ვიდრე 2019 წელს იყო. სამი წლის წინ, სანამ პუტინი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას დაიწყებდა, ვითარება სხვა იყო. ამის შემდეგ ქვეყნის სამხედრო პერსონალის და აქტივების დიდი უმრავლესობა ძვირადღირებულ ომზე გადაერთო, რომელსაც დასასრული არ უჩანს და რომელმაც დასავლეთის ეკონომიკური სანქციები მოიტანა.
რუსეთი რომც არ იყოს ჩართული 1945 წლის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდ ომში, ვენესუელასთან ასეთი გეოგრაფიული დაშორება სერიოზულ ზღუდავს მოქმედებას საქმე მნიშვნელოვანი მხარდაჭერამდე რომც მივიდეს.
„ვფიქრობ, რომ თუ აშშ სერიოზულად არის განწყობილი ვენესუელაში რეჟიმის ძალის გამოყენებით შეცვლის შესახებ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი რაიმე ფორმით შეძლებს დახმარებას“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილ კომენტარში ოლეგ იგნატოვმა, კრიზისის ჯგუფის რუსეთის უფროსმა ანალიტიკოსმა.
„ეს შეუძლებელი იყო როგორც უკრაინაში ომის დაწყებამდე, ასევე მის შემდეგ" - თვლის ის. ტრამპმა არაერთგვაროვანი სიგნალები გაავრცელა იმის შესახებ, ფიქრობს თუ არა აშშ ვენესუელაში ნარკოტიკებთან დაკავშირებული სამიზნეებზე დარტყმას. „შემდეგი იქნება ხმელეთი“, - თქვა მან 23 ოქტომბერს, ნავებზე თავდასხმების შესახებ კომენტარისას. თუმცა, 31 ოქტომბერს, როდესაც ჰკითხეს, სიმართლეს შეესაბამებოდა თუ არა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის ვენესუელაში დარტყმაზე ფიქრობდა, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „არა“.
მადუროს დამხობა მოსკოვისთვის დიდი დარტყმა იქნება, რაც პოტენციურად მას ლათინურ ამერიკაში მთავარი დასაყრდენის დაკარგვას გამოიწვევს. წარმოიქმნება 2024 წლის დეკემბრის ვითარების მსგავსი, როცა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადი გადააყენეს და რის შემდეგაც კრემლის გავლენა ახლო აღმოსავლეთში შესუსტდა.
ვაშინგტონთან და დასავლეთთან მოსკოვის გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში მადუროს, მოკავშირის სტატუსის მინიჭების გარდა, რუსეთმა საფინანსო დახმარებაც გაუწია მას. მოსკოვმა დიდი ინვესტიციები ჩადო ვენესუელაში ნავთობის წარმოებაში. ეს ქვეყანა მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული უდიდესი მარაგის მფლობელია. თუმცა აშშ-ის სანქციების გამო ორივე ქვეყანა ცდილობს ნავთობის გაყიდვას ერთი და იგივე მყიდველების, მაგალითად ჩინეთისთვის.
გეოპოლიტიკური გათვლაუკრაინის წინააღმდეგ ომის გამო მოსკოვს თავად უწევს იარაღის შეძენაზე ფიქრი. კარაკასი წარსულში სულ მცირე, რუსული იარაღის მნიშვნელოვანი მყიდველი იყო. აშშ-ის მიერ ვენესუელის რეგიონში სამხედრო ყოფნის გაფართოების ფონზე, მადურომ 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ ვენესუელის „საჰაერო თავდაცვის ძირითად პოზიციებზე“ რუსული წარმოების ხუთი ათასი „იგლა-ს“ ტიპის რაკეტა აქვს განთავსებული.
ამ კავშირების მიუხედავად, მოსკოვმა შესაძლოა ვენესუელაზე აშშ-ის მზარდი ზეწოლა აღიქვას როგორც უკრაინაზე ვაშინგტონის ყურადღების მოდუნება და რუსეთზე დამატებითი ზეწოლის შანსების შემცირება.
კრემლმა შესაძლოა მადუროს წასვლაში დადებითიც კი დაინახოს, თუ აშშ აიძულებს მას ხელისუფლების დატოვებას.
„გაუკუღმართებული გზით... მოსკოვი ასეთი ოპერაციით იხეირებდა, რადგან გააძლიერებდა თავის მტკიცებას, რომ დასავლეთია გლობალური სამხრეთის მტერი და არა რუსეთი: ამპარტავანი, ძალადობრივი და იმპერიალისტი“, - მოსწერა გალეოტიმ რადიო თავისუფლებას ელექტრონული ფოსტით.
„რუსეთს, ბოლოს და ბოლოს, ჯერ კიდევ შეუძლია მოკავშირეებისა და კლიენტების პოვნა გლობალურ სამხრეთში, იქნება ეს რწმენის თუ, უფრო ხშირად, პრაგმატიზმის გამო, და ყოველთვის იყენებს დასავლურ ავანტიურას იმის გასამყარებლად, რომ ლიბერალური გლობალური წესრიგი უბრალოდ თაღლითობაა, რომელიც დასავლურ ინტერესებს უქვემდებარებს მსოფლიოს“, - წერს ის.
Tue, 04 Nov 2025 21:48:54 +0400
რუსეთის შავი ზღვისპირეთში ახალი მდიდრული კომპლექსი შენდება. რა შუაშია ლუკაშენკა?
ახალი გამოძიების თანახმად, რუსეთის სამხრეთით, სათხილამურო კურორტ კრასნაია პოლიანაში, თითქმის დასრულებულ გორაკის ფერდობზე მდებარე კომპლექსს ბელორუსის გავლენიან ლიდერთან დაკავშირებული ინვესტორები უჭერენ მხარს.
Fri, 31 Oct 2025 23:51:23 +0400
ერთწლიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, სერბი ნაციონალისტები სტუდენტური მოძრაობის მითვისებას ცდილობენ
სერბი სტუდენტები აღნიშნავენ პირველ წლისთავს რკინიგზის სადგურზე შენობის ჩამონგრევისა, რამაც მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამასობაში, გაჩნდა ნიშნები იმისა, რომ ულტრამემარჯვენე ნაციონალისტურმა ჯგუფებმა სცადეს მოძრაობაში შეღწევა და მისი მითვისებაც კი.
პოლიტიკური პასუხისმგებლობის ადრეულ მოთხოვნებს, რასაც შემდეგ სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის გადადგომისა და ახალი არჩევნების მოთხოვნები მოჰყვა, ახლა ძლიერი ანტიკოსოვოსური რიტორიკა დაემატა.
„მე ვამაყობ, როდესაც ვიბრძვით ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის - კოსოვოსა და მეტოხიისთვის“, - განუცხადა რადიო თავისუფლების ბალკანეთის სამსახურს ერთ-ერთმა მომიტინგემ, რომელმაც თავი მხოლოდ სტეფანად მოიხსენია. ამ ტერმინს იყენებს ხოლმე სერბეთის მთავრობა, რომელიც კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცნობს.
ერთწლიანი სტუდენტური საპროტესტო აქციები ყველაზე მასშტაბურია სერბეთში 25 წლის წინ ჩატარებული დემონსტრაციების შემდეგ, რამაც მაშინ იუგოსლავიის ლიდერის, სლობოდან მილოშევიჩის დამხობა გამოიწვია.
მასობრივი გამოსვლები 2024 წლის 1 ნოემბერს ნოვი-სადში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაიწყო. ახალგარემონტებულ რკინიგზის სადგურში ჩამოინგრა ბეტონის სახურავი, რასაც 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. საზოგადოება განსაკუთრებით განარისხა გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ კორუფციის გამო მთავრობის ფლაგმანური პროექტი უხარისხოდ იყო აშენებული.
პროტესტების დროს მკაცრ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს იცავდნენ. აქციების ფოკუსი იყო საფუძვლიანი გამოძიებისკენ მოწოდებები და მისი მონაწილეები მმართველი და ოპოზიციური პარტიებისგან დისტანციას ინარჩუნებდნენ.
ულტრამემარჯვენეები პროტესტში ერთვებიანპირველი მნიშვნელოვანი გადახრა მარჯვნივ 28 ივნისს მოხდა, 1389 წლის კოსოვოს ბრძოლის წლისთავზე. ეს სერბეთის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი თარიღია. სწორედ ეს ბრძოლა გამოიყენეს ნაციონალისტებმა 1990-იან წლებში იუგოსლავიის დაშლის შემდეგ ბალკანეთის ომების გასამართლებლად.
იმ დღეს ჩატარებული აქციის დროს, გამომსვლელებმა ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრები „სერბი ხალხის დაცვა“ მოითხოვეს. ისინი, როგორც ჩანს, კოსოვოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში არსებულ დიდ ეთნიკურ სერბულ თემებს გულისხმობდნენ.
„გამომსვლელები შეირჩნენ, რათა ხაზი გაესვათ როგორც მოძრაობის მრავალფეროვნებისათვის, ასევე ეროვნული ერთიანობის იდეისათვის“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ელექტროინჟინერიის სტუდენტმა ბელგრადიდან, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
საპროტესტო აქციების მონაწილე სხვა ადამიანებმა თავი გაუცხოებულად იგრძნეს ამგვარი რიტორიკის გამო.
„ეს არ არის ის ღირებულებები, რომლებსაც მე ვიცავ. თუ მათ ჩემი მხარდაჭერა ან ჩემი ხმა სურთ, მკაფიოდ უნდა გაემიჯნონ ამ რიტორიკას“, - თქვა ქალმა, რომელიც მხოლოდ მილიცას სახელით გაგვეცნო.
მილოშმა, ორმოცდაათ წელს გადაცილებულმა მამაკაცმა, რომელიც 1990-იანი წლებიდან მონაწილეობს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში, თქვა, რომ გამოსვლები აღიქვა, როგორც „პოპულისტური ნაბიჯი - მცდელობა, რომ შესაძლო არჩევნებამდე უფრო ფართო აუდიტორიას მისწვდნენ“.
სტუდენტების მოწოდება ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ წარუმატებელი აღმოჩნდა. თუმცა, ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებამდე, დაძაბულობა კვლავ გაიზარდა.
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა ბელგრადში მოაწყვეს მიტინგი, სადაც მოითხოვეს პასუხისმგებლობის დაკისრება კოსოვოში „სერბების უფლებების დარღვევისთვის“. სოციალურ მედიაში ორგანიზატორებმა სერბეთის მთავრობა „კოსოვოს ღალატში“ დაადანაშაულეს.
ულტრანაციონალისტური და ულტრამემარჯვენე ჯგუფები - რომელთაგან ზოგიერთი სერბეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერაა აკრძალული - სტუდენტებთან ერთად გამოჩნდნენ, თუმცა ამ აქციას მხოლოდ ათასამდე ადამიანი დაესწრო. ეს გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე სხვა მრავალ საპროტესტო აქციაზე.
სერბი მუსლიმების მარშიცოტა ხნის შემდეგ, ევროპარლამენტმა რეზოლუციაში დაგმო ის, რასაც საპროტესტო მოძრაობის ნაწილებში გავრცელებული „ნაციონალისტური ნარატივები“ უწოდა.
„მემარჯვენეები ნამდვილად ცდილობენ საპროტესტო აქციების ხელში ჩაგდებას, მაგრამ ეს არც ისე დიდია. ისინი უბრალოდ უფრო ხმაურიანი და უკეთ ორგანიზებულნი არიან“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ნოვი-სადის უნივერსიტეტის სამართლისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორმა დუშკო რადოსავლევიჩმა.
მან დასძინა, რომ დემონსტრაციებზე ექსტრემისტული ჯგუფების გამოჩენა ხშირად ხელისუფლების მიერ იყო დადგმული.
„ეს ხშირად სახელმწიფო ხელფასებზე დასაქმებული უსაფრთხოების სამსახურების მიერ ორგანიზებული პროვოკაციებია, რომლებიც დაბნეულობის შესაქმნელად არის განკუთვნილი“, - თქვა მან.
„ჩვენნაირ გაყოფილ საზოგადოებაში ბევრ სტუდენტს ჯერ კიდევ არ შეუძლია განასხვაოს ჯანსაღი პატრიოტიზმი ნაციონალიზმისგან“, - თქვა ბორის კოიჩინოვიჩმა, ნოვი-სადის ფილოსოფიის სტუდენტმა. მან გაიხსენა, თუ როგორ წაართვეს ნაციონალისტებმა მომიტინგეებს ევროკავშირის დროშები, თუმცა დასძინა: „ვფიქრობ, რომ ჩვენი უმეტესობა აქ ერთი მიზნით არის. ეს არის ჯანსაღი საზოგადოების აშენება“.
ამ გზავნილმა ასევე გამოხმაურება პოვა სანძაკში, სერბეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში, სადაც მუსლიმი უმრავლესობა ცხოვრობს.
სანძაკელმა სტუდენტებმა 400-კილომეტრიანი საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს ნოვი-სადამდე, სადაც 1 ნოემბერს ჩავიდნენ წლისთავის აღსანიშნავად. მათი სლოგანი იყო „ვერ გაგვყოფთ“.
Fri, 31 Oct 2025 19:31:08 +0400