მოსკოვისთვის „თალიბანი“ ტერორისტული ორგანიზაცია აღარ არის
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ 2025 წლის 17 აპრილს ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო ისლამისტური დაჯგუფება "თალიბანი", რომელმაც რამდენიმე წლის წინ ხელში ჩაიგდო ძალაუფლება ავღანეთში.
Fri, 18 Apr 2025 18:15:05 +0400

მოლაპარაკებები ანკარაში - ვინ უზრუნველყოფს შავი ზღვის უსაფრთხოებას, თუ რუსეთ-უკრაინის ზავი შედგა?
შავი ზღვის უსაფრთხოების საერთაშორისო სამხედრო მისიის შექმნა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილად განიხილება. თურქეთის საზღვაო ძალების შტაბ-ბინაში რამდენიმე ქვეყნის სამხედრო ლიდერები ამ გეგმას ამუშავებენ.
Wed, 16 Apr 2025 16:09:45 +0400

რუსეთის არმია უკრაინის ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით მიიწევს. შეიცვლება თუ არა ფრონტის ხაზი 2025 წელს?
10 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარმა კონტროლი დაამყარა სუმის რაიონის სოფელ ჟურავკაზე.
Fri, 11 Apr 2025 19:05:19 +0400

ზელენსკიმ უკრაინაში ჩინელი მებრძოლების დატყვევების შემდეგ პეკინი ამოიღო სამიზნეში
დიდი ამბები მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის 8 აპრილის განცხადებას, რომ უკრაინელმა ძალებმა ტყვედ ჩაიგდეს ჩინეთის ორი მოქალაქე, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ.
Thu, 10 Apr 2025 16:44:38 +0400

ოვეჩკინის სარეკორდო გოლი საჩუქარია რუსეთის პროპაგანდისათვის
რუსმა ჰოკეის ვარსკვლავმა ალექსანდრ ოვეჩკინმა არა მხოლოდ ისტორია დაწერა, როდესაც გადაუსწრო უეინ გრეცკის და ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) ყველა დროის ბომბარდირი გახდა, არამედ კრემლის პროპაგანდისტულ მანქანასაც მიართვა გამარჯვება.
Mon, 07 Apr 2025 21:24:31 +0400

ძვირფასი ძვლები - როგორ „ატყვევებდნენ“ არგენტინაში პოლიტიკური ოპონენტების ცხედრებს
ევა მარია დუარტე დე პერონი - არგენტინის ყველაზე ცნობილი და პოპულარული პირველი ლედი ისტორიაში ევიტას სახელით დარჩა. ის 33 წლისა იმსხვერპლა კიბომ. დამარხეს სამხედრო გადატრიალების შემდეგ.
Fri, 04 Apr 2025 18:38:50 +0400

ზელენსკის მეორე ფრონტი: უკრაინა ნელ-ნელა არჩევნების ჩასატარებლად ემზადება
უკრაინის ხელისუფლება, დასავლელი პარტნიორების ზეწოლის ფონზე, ნელ-ნელა აყალიბებს საფუძველს ახალი არჩევნების ჩასატარებლად. კიევი ამ ძალისხმევას უარყოფს და იმეორებს, რომ საომარი მდგომარეობა, რომელიც რუსეთის 2022 წლის თებერვლის შეჭრის შემდეგ მალევე გამოცხადდა, გამორიცხავს რაიმე კენჭისყრას. „ჩვენ არ ვემზადებით არჩევნების ჩასატარებლად, რადგან ომის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია - კონსტიტუციის, მოქმედი კანონმდებლობისა და უსაფრთხოების გამოწვევების გამო“, განუცხადა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს პრეზიდენტის ოფისის სპიკერმა დმიტრო ლიტვინმა. თუმცა ოფიციალურ პირებმა უკვე დაიწყეს დეტალების დაგეგმვა ბიულეტენების დაბეჭდვასთან, საარჩევნო უბნების უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან და ქვეყნის გარეთ მცხოვრები მილიონობით უკრაინელი ლტოლვილისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობის მიცემასთან დაკავშირებით. ”მე ვხედავ, რომ ბოლო თვეებში დაიწყო რეალური მზადება არჩევნებისთვის, - თქვა ოლექსი კოშელმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „უკრაინის ამომრჩეველთა კომიტეტის“ ხელმძღვანელმა, - ვხედავთ საარჩევნო შტაბებში დაწყებული აქტიურობის უამრავ ნიშანს, ჩუმად ვრცელდება რეკლამები, რიგდება მილიონობით საინფორმაციო ბიულეტენი პარტიების ლიდერების შესახებ“. „უკრაინაში საარჩევნო კამპანია დე ფაქტო უკვე დაწყებულია“, - განაცხადა კოშელმა. ოლენა დავლიკანოვა, კიეველი მეცნიერი და ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის თანამშრომელი ვაშინგტონში, ამბობს, რომ ბევრი რამ მიანიშნებს პოლიტიკური პარტიების მიერ ახალი კენჭისყრისთვის მზადებაზე. თუმცა, მისი თქმით, ეს ვერ მოხდება, თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდა. „ბევრ ჩვენგანს არ სჯერა, რომ პუტინი თავის სიტყვას შეასრულებს, - უთხრა დავლიკანოვამ რადიო თავისუფლებას, - ცეცხლის შეწყვეტის გარეშე კი უკრაინაში არჩევნების ჩატარება შეუძლებელია“. ხალხის მსახურიუკრაინელები პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით ირჩევენ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ არჩევნებში 2019 წელს გაიმარჯვა. მაშინ კომიკოსმა, ტელესერიალ „ხალხის მსახურის“ მთავარმა გმირმა მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაამარცხა. შესაბამისად, ზელენსკის ხელახალი არჩევნები 2024 წელს უწევდა. თუმცა მთავრობა აცხადებდა, რომ ახალი არჩევნების ჩატარება სამართლებრივადაც შეუძლებელი იყო - საომარი მდგომარეობის გამო - და ლოგისტიკური დაბრკოლებების გამოც. ამან კარი გაუღო გარე კრიტიკას. პუტინი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს უკრაინის სახელმწიფოს არსებობას, ზელენსკის არალეგიტიმურ პრეზიდენტად მოიხსენიებს. გასულ კვირას მან განაცხადა, რომ უკრაინას გაეროს მიერ მხარდაჭერილი გარდამავალი მთავრობა უნდა მართავდეს. „არავის აინტერესებს რას ამბობს პუტინი, რადგან უკრაინის კანონმდებლობა ძალიან მკაფიოა: ძალაუფლება ლეგიტიმურია, თუ არ მოიხსნება საომარი მდგომარეობა და არ ჩატარდება არჩევნები სათანადო წესით“, - თქვა დავლიკანოვამ. ”პუტინმა შესთავაზა გაეროს ზედამხედველობა უკრაინაზე, - თქვა მან, - ჩვენ კი ვამბობთ, რომ გაერომ ზედამხედველობა მოსკოვს უნდა დაუწესოს, რადგან მათ რეალური, სამართლიანი არჩევნები 1996 წლის შემდეგ არ ჩაუტარებიათ“. თუმცა კრიტიკა წამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების, უკრაინისათვის იარაღის ყველაზე მსხვილი მიმწოდებლის მხრიდანაც. თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომლის დაძაბული ურთიერთობა ზელენსკისთან თეთრ სახლში მისი პირველი ვადიდან იწყება, მას უწოდა "დიქტატორი არჩევნების გარეშე". გარე კრიტიკამ გააძლიერა უკრაინელებში ზელენსკის პოზიცია. კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის ერთ-ერთმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ზელენსკის ნდობა გაორმაგდა, ოვალურ კაბინეტში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის გამართული კონფლიქტური შეხვედრის შემდეგ. უკრაინის პარლამენტმაც მიიღო ზელენსკის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ახალი არჩევნები ჩატარდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამყარდება „ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა“. ზელენსკის მხარდამჭერებისთვის ეს ნიშნავს, რომ ხელსაყრელია ახალი კენჭისყრის ჩატარება უფრო ადრე, ვიდრე გვიან. ეს პრეზიდენტს უპირატესობას მისცემს მეტოქეებთან შედარებით. მთავარი კონკურენტი, როგორც ჩანს, ახლა არის ვალერი ზალუჟნი, პოპულარული ყოფილი მთავარსარდალი, რომელიც ამჟამად უკრაინის ელჩია ლონდონში. ზალუჟნი ზელენსკიმ კიევს მოაშორა მას შემდეგ, რაც 2023 წლის ნოემბერში მან ღიად გააკრიტიკა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ზალუჟნის საჯაროდ არასდროს გამოუხატავს, რომ პრეზიდენტობის ამბიცია აქვს, თუმცა რეგულარულად ექცევა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების სათავეში. სხვა პოლიტიკურმა ფიგურებმაც მიანიშნეს, რომ განიხილავდნენ ზელენსკის გამოწვევას, თუ კენჭისყრა წარიმართება. თებერვალში პოროშენკო, მდიდარი ბიზნესმენი, რომელიც ზელენსკიმ დაამარცხა, ვაშინგტონში გაემგზავრა ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შესახვედრად. კონფერენციაზე გამოსვლისას მან თქვა, რომ ზელენსკი ეროვნული კოალიციის შექმნაზე უნდა მუშაობდეს, „სანაცვლოდ კი გვაქვს ძალიან უცნაური მზადება არჩევნებისთვის“. „ჩემი ინფორმაციით, მიღებულია გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ რაც შეიძლება მალე, საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ“, - განუცხადა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ოლექსი ჰონჩარენკომ. ლოგისტიკური დაბრკოლებებისაარჩევნო კანონმდებლობით, კანდიდატებს მინიმუმ 60 დღე სჭირდებათ კამპანიისთვის. თუ ცეცხლის შეწყვეტა 20 აპრილს, აღდგომას დაიწყებოდა, როგორც ეს ფინეთის პრეზიდენტმა შესთავაზა დონალდ ტრამპს, მაშინ არჩევნები რეალურად შეიძლება ივლისის დასაწყისშიც ჩატარდეს. თუმცა არჩევნების ჩატარებას თან ახლავს უზარმაზარი ლოგისტიკური გამოწვევები - უკრაინას მილიონობით ლტოლვილი ჰყავს უცხოეთის ქვეყნებში და მათთვის მხოლოდ ბიულეტენების მიწოდებაც კი დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ასევე, ხმის მიცემის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ ჯარისკაცებს, რომლებიც წინა ხაზზე იბრძვიან. „ახლა, როგორც ჩანს, საზოგადოებაში და პოლიტიკოსებს შორის არის კონსენსუსი, რომ საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ არჩევნებისთვის მოსამზადებლად უფრო მეტი დროა საჭირო, ვიდრე კანონით არის განსაზღვრული“, - უთხრა უკრაინის ცესკოს ხელმძღვანელმა ოლეჰ დიდენკომ „უკრაინსკა პრავდას“.
Fri, 04 Apr 2025 14:08:07 +0400

“მივიღებთ თუ არა მეორე იალტას, ეს ტრამპზეა დამოკიდებული”- იორის ვან ბლადელი
„ეჭვი მაქვს, რომ თავად პუტინიც კი არ მოელოდა ასეთი მასშტაბის დათმობებს. მან არაფრის სანაცვლოდ, ყველაფერი მიიღო – და ახლა მთელი მსოფლიო უყურებს, როგორ უბრუნებენ საერთაშორისო სცენაზე ადგილს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სამხედრო სტრატეგი, 26-წლიანი აქტიური სამხედრო გამოცდილებით, ბელგიის სამეფოს ეგმონტის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი იორის ვან ბლადელი. მისი ბოლო წიგნი „დიადი მსხვერპლის მიწა: როგორ იყენებს რუსეთი დასავლურ ლოგიკას“ ერთგვარი გზამკვლევია მათთვის, ვისაც პუტინის გადაწყვეტილებების ახსნა სურს. ვაჟა თავბერიძესთან ინტერვიუში ვან ბლადელი რუსული სამხედრო მენტალიტეტის დაუძლეველ სისუსტეებსა და ძლიერ მხარეებთან ერთად აანალიზებს კურსკის 7-თვიან სამხედრო ოპერაციას, ასევე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის არაპროგნოზირებად როლს რუსეთ-უკრაინის ომის მომდევნო ეტაპზე — რომლის შედეგადაც, როგორც ვან ბლადელი შიშობს, შეიძლება „მეორე იალტა“ ვიხილოთ. რადიო თავისუფლება: ფრონტზე სიტუაციის მიმოხილვით დავიწყოთ. განსაკუთრებით საინტერესოა კურკის ოპერაციის საბოლოო შეფასება - რა დასკვნების გაკეთება შეიძლება? უკრაინელები მას 7 თვე ინარჩუნებდნენ და საბოლოოდ ათ დღეში დათმეს - რა მოხდა კურსკში? იორის ვან ბლადელი: კურსკის ოპერაციამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, „მსოფლიოში მეორე არმიას“ - როგორც ისინი თავიანთ თავს მოიხსენიებენ - რეალურად საკუთარი საზღვრების დაცვისთვისაც კი ვერ მოუბია თავი. რუსების თავდაპირველ ჩავარდნას კურსკში რამდენიმე ფაქტორი განაპირობებდა, მთავარი კი ის იყო, რომ რუსებს არ სურდათ, დონბასის ფრონტიდან კურსკზე გადმორთულიყვნენ, არ უნდოდათ, დონბასის ფრონტზე ზეწოლა შეემსუბუქებინათ. საბოლოოდ მაინც მოუწიათ იქიდან გარკვეული დანაყოფების გადმოყვანა, მაგრამ ამასობაში უკვე ჩრდილოკორეელების ჩართვამ გადამწყვეტი როლი ითამაშა, რუსების სასარგებლოდ. რუსებმა ჩრდილოეთ კორეელების კონტინგენტი, ასე ვთქვათ, ხვრელების დასაგმანად გამოიყენეს და მალევე ვნახეთ, რომ რუსეთმა ნელა, მაგრამ სტაბილურად დაიწყო რეგიონის დაბრუნება. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კურსკის ოპერაცია დასრულდა, მაგრამ რა გავლენას მოახდენს ის ომის საერთო სურათზე, ამას უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში დავინახავთ. რადიო თავისუფლება: ამას მივყავართ კითხვებამდე, რომლებზეც დღემდე ბევრს დავობენ - მაინც რა იყო ამ ოპერაციის სტრატეგიული მიზანი? და მიაღწიეს თუ არა ამ მიზანს უკრაინელებმა? საბოლოო ჯამში, კურსკის ოპერაცია წარმატებული მანევრი იყო თუ წარუმატებელი? იორის ვან ბლადელი: ეს იყო წარმოუდგენლად რთული ოპერაცია, მით უმეტეს უკრაინის შეზღუდული რესურსების ფონზე, განსაკუთრებით — ცოცხალი ძალის დეფიციტის პირობებში. მთავარი მიზანი — რუსული ძალების დიდი ნაწილის დონბასიდან კურსკისკენ გადმოსროლა — საბოლოოდ არ გამოვიდა. სამწუხაროდ, ნაწილობრივ სწორედ ჩრდილოკორეელების ჩართვის გამო. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ტრადიციული, „კინეტიკური“ ომი ისევ ძალაშია. ტექნოლოგიამ შეიძლება შეცვალოს ომის მრავალი ასპექტი, მაგრამ ამ შემთხვევაში ვნახეთ, რომ რიცხობრივი უპირატესობა — ცოცხალ ძალასა და ცეცხლში — გადამწყვეტი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ომში პირველად ვიხილეთ შესაძლოა, მომავლის ომის - დრონების ომის სილუეტი, ისიც ფაქტია, რომ კლასიკური ომი ჯერ არსად წასულა და კვლავაც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. რადიო თავისუფლება: კიდევ ერთი ასპექტი: კურსკის დაკარგვით უკრაინამ მოლაპარაკებების ბერკეტიც დაკარგა. ზელენსკის, ტრამპის ფრაზას თუ დავესესხებით, ერთადერთი კოზირი ეჭირა — კურსკი. და ამ კარტის დათმობაც მოუწია. იორის ვან ბლადელი: დიახ. თუმცა, ჩემი ღრმა რწმენით, რუსები არასდროს დათანხმდებოდნენ მოლაპარაკებების დაწყებას — იქნება ეს ცეცხლის შეწყვეტა თუ უფრო ფართომასშტაბიანი შეთანხმება — სანამ კურსკი უკრაინის ხელში იქნებოდა. მათთვის კურსკის დაბრუნება პრინციპული საკითხი იყო, მათი სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი. უკვე თვეებია, ისინი ძალიან ნელა, უზარმაზარი დანაკარგებით, მაგრამ მაინც მიიწევენ წინ. ცხადია, ყველაფერი მათი სამხედრო გეგმის მიხედვით არ მიდის — თვითონ, დარწმუნებული ვარ, მყისიერ, გადამწყვეტ გარღვევას ისურვებდნენ, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ, რადგან უკრაინელები ზედმიწევნით კარგად იცავენ თავს. უკიდურესად შთამბეჭდავია, თუ როგორ შეძლო უკრაინულმა არმიამ, ყველა სირთულის მიუხედავად, ფრონტის ხაზი შეენარჩუნებინა. ეს უკვე სტრატეგიული გამარჯვებაა. რუსეთმა, ცეცხლსასროლ ძალასა და ადამიანურ რესურსებში საგრძნობი უპირატესობის მიუხედავად, სამი წლის განმავლობაში ვერ შეძლო რაიმე არსებითი გარღვევა მოეხდინა. რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, კიდევ რამდენ ხანს შეძლებენ უკრაინელები ასევე გააგრძელონ? განსაკუთრებით თუ სამხედრო დახმარება კითხვის ქვეშ დადგება... იორის ვან ბლადელი: ამის დაზუსტებით თქმა ცხადია, შეუძლებელია, მაგრამ ვიტყოდი, რომ უკრაინულ ფრონტს ახლო მომავალში ჩამოშლა არ ემუქრება. თუმცა ყველაფერს ართულებს ერთი არაპროგნოზირებადი ფაქტორი – ეს დონალდ ტრამპის ფაქტორია, და მისი თავსმოხვეული მშვიდობის პოლიტიკა. ფაქტია, რომ არც უკრაინა და არც რუსეთი არ ისწრაფვიან სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ და მით უმეტეს, ზავისკენ, იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც ახლა ბრძოლის ველზე გვაქვს. ამ მოლაპარაკებებს ტრამპი და მისი ადმინისტრაცია თავს ახვევს – და არა რაიმე სტრატეგიული გათვლის გამო, არა - ესაა ერთგვარი პიარ-შოუ, რომ მსოფლიო პროცესებზე მისი გავლენა ყველას დაანახოს. პუტინი, რა თქმა უნდა, თავის თამაშს თამაშობს. იგი გამიზნულად აჩენს ბუნდოვანებას ყველა საკითხზე, გარდა ერთისა: რუსეთი არ მიიღებს თავსმოხვეულ გარიგებას. მას სურს თავად განსაზღვროს პირობები. უკრაინა რუსეთისთვის „დიდი გარიგების“ მხოლოდ ნაწილია - კრემლის მთავარი მიზანია, შეცვალოს გლობალური წესრიგი და აღიდგინოს "დიდი ძალის" სტატუსი – აშშ-სა და ჩინეთის გვერდით. რადიო თავისუფლება: ამას უკვე დაარქვეს „იალტა 2.0“ - როგორ გგონიათ, შეძლებს პუტინი ამის მიღწევას? იორის ვან ბლადელი: რუსეთი ზესახელმწიფო არ არის. ახლოსაც კი არაა ამ სტატუსთან. მისი ერთადერთი არგუმენტი ბირთვული არსენალია. და მაინც, ვაშინგტონი რატომღაც მზადაა, მას ელიტურ კლუბში ადგილი დაუთმოს. ეჭვი მაქვს, რომ თავად პუტინიც კი არ მოელოდა ასეთი მასშტაბის დათმობებს. მან არაფრის სანაცვლოდ, ყველაფერი მიიღო – და ახლა მთელი მსოფლიო უყურებს, როგორ უბრუნებენ საერთაშორისო სცენაზე ადგილს ქვეყანას, რომელიც კოლოსალური გეოპოლიტიკური კატასტროფისა და მასობრივი დანაშაულების ჩამდენია. ვაშინგტონში, ჩემი აზრით, სათანადოდ ვერ აფასებენ კრემლის დიპლომატიურ ოსტატობას. აქ ტრამპი არ კარნახობს კრემლს პირობებს – პირიქით, კრემლი თამაშობს ტრამპით. რუსეთი, როგორც ყოველთვის, მაქსიმალურ სარგებელს იღებს, ხოლო როგორც კი შეთანხმება მის ინტერესებში აღარ იქნება, მას პირველი დაარღვევს. თქვენს თავდაპირველ კითხვას რომ დავუბრუნდეთ, იალტა 2.0-ის თაობაზე - მივიღებთ თუ არა ახალ იალტას, ეს მხოლოდ ტრამპზეა დამოკიდებული. რუსეთის რეაქციები რიადის და ჯედას მოლაპარაკებებზე აჩვენებს, რომ თავადაც გაოგნებულნი და დაბნეულები არიან ვაშინგტონის ქაოსური პოლიტიკით. არ არსებობს სტრატეგია, არ არსებობს თანმიმდევრულობა – მხოლოდ იმპულსური ქმედებები. კრემლს ეს აშინებს, კრემლის დიპლომატია ამ წესებით არ თამაშობს. ერთადერთი დადებითი შედეგი ის არის, რომ ევროპა თავდაცვის საკითხებს უფრო სერიოზულად ეკიდება. მაგრამ ეს უფრო გარე ეფექტია, ვიდრე გათვლილი ნაბიჯი. რადიო თავისუფლება: რუსული დიპლომატიიდან რუსულ სამხედრო მენტალიტეტსა და კულტურაზე გადავიდეთ - თქვენი ბოლო წიგნის მთავარ თემაზე. რა როლი ითამაშა რუსულმა სამხედრო მენტალობამ ამ ომში? რა ძველი ჭეშმარიტებები დადასტურდა და ახალი რა ვისწავლეთ? იორის ვან ბლადელი: კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ რუსული სამხედრო მენტალობა დიდწილად უცვლელი რჩება. ბევრი ელემენტი, რაც მათ სამხედრო კულტურას განსაზღვრავს, ათწლეულების წინ ჩამოყალიბდა და, თუ რამე იცვლება, ისიც ძალიან ნელა. შეგვიძლია მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული, ჩეჩნეთის ომების გავლით, პირდაპირ დონბასამდე მივყვეთ და ზუსტად იგივე ტიპის მოქმედებები და აზროვნება დავინახოთ. 2008 წლიდან რუსულ არმიაში მოდერნიზაციისა და რეფორმების პროცესი დაიწყო, მაგრამ ეს მხოლოდ ტექნიკურ მხარეს შეეხო – აზროვნების სტილი იგივე დარჩა: არაეფექტური, ტოქსიკური და ბნელი სისასტიკით გაჯერებული. რაც შეეხება იმას, თუ რა როლი ითამაშა ამან უკრაინის ომში - ერთი მხრივ, ვნახეთ, რომ უკრაინელებმა რუსული არმიის სისუსტეები ბოლომდე გააშიშვლეს: კატასტროფული სტარტი, უხეიროდ ორგანიზებული შეტევები, ქაოსური ლოგისტიკა, დაზვერვის სრული კრახი. ამ პრობლემებიდან ბევრი დღემდე გადაუჭრელი რჩება, მაგრამ, მეორე მხრივ, რუსებმა შეძლეს ადაპტირებაც, და ამას, ვფიქრობ, საკმარისად ვერ ვაფასებთ დასავლეთში. კერძოდ, რუსი ჯარისკაცის შეუპოვრობასა და ტკივილის გაძლების უნარს, რომელიც ხშირად ლამის პატრიოტული მოტივით გაჯერებულ მონურ მორჩილებამდე მიდის. წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, ვხედავთ წარმოუდგენელ შემთხვევებს - დავარქვათ ამას, სხვა ტერმინის არქონის გამო, რუსული სამხედრო მამაცობისა – მაგალითად, სადესანტო ძალები, რომლებიც ითხოვენ არტილერიის ცეცხლს საკუთარ პოზიციებზე, რადგან ეს "ოპერაციის" შენარჩუნებისთვის აუცილებელია. ეს ფაქტობრივად თვითმკვლელობაა, მაგრამ მათთვის მისიის შესრულება პრიორიტეტია. რადიო თავისუფლება: სხვანაირად რომ ვთქვათ, ისინი განაგრძობენ ბრძოლას იქ, სადაც სხვა ჯარები, დასავლურიც კი, ასეთ დანაკარგებს ვეღარ გაუძლებდნენ? იორის ვან ბლადელი: ეს ასე პირდაპირ, ხელაღებით ვერ ითქმება. ჩვენ ვერასდროს შევაფასებთ ჯარს, სანამ ის რეალური საბრძოლო გამოცდის წინაშე არ დადგება. მაგრამ დასავლურ და რუსულ სამხედრო მენტალიტეტებს შორის განსხვავება უდიდესია – ისევე როგორც საზოგადოების განვითარების მოდელებს შორის. თითოეული მათგანი საკუთარი ისტორიული ლოგიკის შესაბამისად ჩამოყალიბდა. მაგრამ თუ ოდესმე დასავლეთს და რუსეთს შორის პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი დაიწყება, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს – რუსების ბრძოლისუნარიანობა და გამძლეობა სათანადოდ უნდა შეფასდეს. რადიო თავისუფლება: რამდენად რეალურია ეს სცენარი? უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი ზალუჟნი ამბობს, რომ ჩვენ უკვე მესამე მსოფლიო ომში ვიმყოფებით. ეთანხმებით ამ შეფასებას? იორის ვან ბლადელი: არა. ვფიქრობ, ეს შეფასება გადაჭარბებულია. ვხვდები, რატომ ამბობს ამას ზალუჟნი – ეს პირველ რიგში სტრატეგიული კომუნიკაციის ნაწილია, მაგრამ მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, რას ვარქმევთ ომს. თუ ომს მხოლოდ ტანკებითა და ქვემეხებით დაპირისპირებად განვიხილავთ, მაშინ მესამე მსოფლიო ომში ჯერ არ ვართ. მაგრამ თუ ჰიბრიდული ომიც ითვლება – მაშინ დასავლეთი უკვე კონფლიქტშია ჩართული, უბრალოდ ამას ბოლომდე ვერ აცნობიერებს. რუსეთი ყოველდღიურად ახორციელებს ჰიბრიდულ ოპერაციებს ჩვენს წინააღმდეგ – იქნება ეს კიბერთავდასხმები, საინფორმაციო ომი თუ ენერგეტიკული შანტაჟი. ასე რომ, ომის ტრადიციული გაგებით, მესამე მსოფლიო ომში ჯერ არ ვართ, მაგრამ მეორე მხრივ, რუსეთი უკვე იმ დონეზე ებრძვის დასავლეთს, რომ ამ ყველაფერს უბრალოდ "მშვიდობიანი პერიოდსაც" ვეღარ დავარქმევთ.
Mon, 31 Mar 2025 19:59:49 +0400

შეძლებს კოლია ლუკაშენკა გახდეს მამის მემკვიდრე?
ალიაქსანდრ ლუკაშენკას მეშვიდე ინაუგურაციის შემდეგ ბელარუსის ოპოზიცია და მედია კვლავ ალაპარაკდა ძალაუფლების შთამომავლობით შესაძლო გადაცემაზე. პოლიტიკის ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ლუკაშენკა პრეზიდენტობისთვის ამზადებდეს თავის უმცროს ვაჟს, ნიკოლაის - კოლია ლუკაშენკას.
Mon, 31 Mar 2025 18:15:53 +0400

როგორ ცდილობენ შუა აზიაში გვარების დერუსიფიკაციას
ცენტრალური აზიის ქვეყნებში რამდენიმე წელია გვარებისა და მამის სახელების დერუსიფიკაციას ცდილობენ. თუმცა ზოგან პირიქითაც ხდება.
Sat, 22 Mar 2025 15:30:21 +0400